როგორ შევიძინო პირველი სახლი? (ნაბიჯ-ნაბიჯ)
პირველ რიგში, აუცილებლად დაფიქრდით: ნამდვილად კარგი დროა სახლის შესაძენად? აწონ-დაწონეთ, რამდენად მზად ხართ ფინანსურად, რათა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. ზოგადად, უძრავი ქონების შეძენისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც უამრავი ახალი ქონება ემატება ბაზარს და არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა, რეალურად, თქვენი ფინანსური მზაობა უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, გასათვალისწინებელია ბაზრის ეკონომიკური მდგომარეობა, რამდენად გაზრდილია უძრავი ქონების ფასები და მოსალოდნელია თუ არა სიტუაციის დასტაბილურება. მაგალითად, საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ფასები დაიწევს, რადგან დღითი-დღე იზრდება.
მეორე და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, დაიქირაოთ უძრავი ქონების აგენტი, რომელიც თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის მოძებნის პროცესიდან, უკანასკნელი საჭირო საბუთის შეგროვებაში დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ სახლის შეძენასთან დაკავშირებულ სტრესს.
შეამოწმეთ თქვენი საბანკო მდგომარეობა – რამდენად გაქვთ შანსი, საჭიროების შემთვევაში, ბანკისგან სესხის დამტკიცების. შესაძლოა, თავდაპირველად თვლიდეთ, რომ სულაც არ გჭირდებათ სესხი, მაგრამ უძრავი ქონების შეძენის პროცესი მოულოდნელობებითაა სავსე, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.
განიხილეთ ბევრი ვარიანტი – უძრავი ქონების ონლაინ-დათვალიერება ახლა უკვე 360 გრადუსითაც შესაძლებელია, რაც სივრცის აღქმის უკეთესს საშუალებას იძლევა, ვიდრე მხოლოდ ფოტოები. თუმცა, რაც არ უნდა მომხიბვლელად გამოიყურებოდეს კონკრეტული ვარიანტი, აუცილებლად გადაამოწმეთ ადგილზე, ვიდრე მისი შეძენის განხილვას დაიწყებდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა სახლი მართლაც იდეალური იყოს, თუმცა არ მოგეწონოთ რაიმე ფაქტორი სამეზობლოში.
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ამოარჩიეთ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტი, მაგალითად, 3 სახლი. შემდეგ ჩამოწერეთ სამივე სახლის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება.
ვიდრე კონკრეტული სახლის შეძენის კონტრაქტს ხელს მოაწერდეთ, აუცილებლად ჩაატარეთ ინსპექტირება, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთვევები, რომლებიც შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ. მაგალითად, შეამოწმეთ წყლისა და გათბობის სისტემა; რემონტის ხარისხი და შენობის უსაფრთხოება.
მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ შერჩეული სახლი ყველა საჭირო პუნქტს დააკმაყოფილებს, წადით კონტრაქტის გასაფორმებლად.