რომელი სამუშაოების ჩატარება დაგეხმარებათ უძრავი ქონების ღირებულების გაზრდაში?
უძრავი ქონების ინდუსტრიაში სახლის მდგომარეობა 4 კატეგორიად იყოფა: ცუდი, ნორმალური, კარგი და შესანიშნავი. თუ თქვენი უძრავი ქონების ღირებულების გაუმჯობესება გადაწყვიტეთ, მაშინ გირჩევთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე ასპექტი, რომელზეც სტატიაში ვისაუბრებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა სამუშაოს არ მოაქვს თქვენთვის მოგება. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სამუშაოს ჩატარება თქვენ კმაყოფილებას განიჭებთ, შესაძლოა არა თუ გაზარდოს, არამედ შეამციროს კიდეც სახლის ღირებულება.
სამზარეულოს მცირე რემონტი – იმის გამო, რომ სამზარეულო სახლის „გულად“ ითვლება, ამ სივრცის რემონტი საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯია. შესაძლებელია, სახლის გაყიდვის პროცესში დანახარჯის დაახლოებით 78%-ის ანაზღაურებაში დაგეხმაროთ. ეს საუკეთესო არჩევანია, თუ თქვენს სახლს, უბრალოდ, კოსმეტიკური რემონტი ესაჭიროება. მაგალითად, კედლების ახალ, ცოცხალ ფერში შეღებვა, პატარა და თანამედროვე განათებები, კარადის სახელურების გამოცვლა, ონკანის შეცვლა ან დამატება და ასეთი პატარ-პატარა სამუშაოების ჩატარება, საბოლოოდ სრულიად განსხვავებულსა და თანამედროვე დიზაინს გვაძლევს.
სველი წერტილის განახლება – აბაზანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა სახლში და თუ ის არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ამან შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს სახლის ღირებულებაზე. ისევე, როგორც სამზარეულოს, ასევე აბაზანის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმარისი იყოს, უბრალოდ, განათებების ან საშხაპე კარის შეცვლა, თანამედროვე ნიჟარის დადგმა და ონკანების გამოცვლა. ასევე, კარგი იდეაა, ენერგოეფექტური სისტემის დამონტაჟება. თუ სახლს ერთი სველი წერტილი აქვს, შესაძლოა უკეთესი იყოს მეორის დამატება, მაგალითად რომელიმე საძინებელში და მისი მასტერ-ბედრუმად გადაკეთება. მინიმალისტური დიზაინის შექმნა და პატარა, მყუდრო აბაზანის მოწყობა მინიმალური ხარჯებით, საკმაოდ გაზრდის თქვენი უძრავი ქონების ღირებულებას.
ფანჯრების შეცვლა – ფანჯრები სახლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ძველი ფანჯრები შესაძლოა, ესთეტიკურად გამოიყურებოდეს, თუმცა ფუნქიურად არ იყოს ვარგისი. ამიტომ მათი თანამედროვე და კარგი ხარისხის ფანჯრებით ჩანაცვლება საუკეთესო გზაა, როგორც ინტერიერში სიახლისა და სილამაზის შესატანად, ასევე სახლის ღირებულების გასაზრდელად.