სახლის ახალი მფლობელისთვის საჩუქრის დატოვების ტენდენცია
წარმოიდგინეთ, რომ ახლად შეძენილ სახლში გადადიხართ: უამრავი ნივთით ხელდამძიმებული აღებთ ახალი სახლის კარს, შედიხართ და მაგიდაზე თქვენთვის საჩუქარი დევს. რა გრძნობა დაგეუფლათ? ალბათ, სიხარულსა და მადლიერებას ნებისმიერი თქვენგანი იგრძნობდა. აუცილებელი სულაც არ არის რაიმე გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთოთ თქვენი ძველი სახლის ახალ მეპატრონეს, მცირედიც საკმარისია, რათა ყურადღება და პატივისცემა აგრძნობინოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ქმედება არც ისე გავრცელებულია თანამედროვე ცხოვრებაში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანებზე ასეთი მცირე ჟესტებით მაინც ვიზრუნებთ, ურთიერთობები და საქმიანი პროცესები ბევრად სასიამოვნო და მარტივი გახდება. გთავაზობთ მცირე საჩუქრის რამდენიმე იდეას:
- პერსონალიზირებული გასაღების საკიდი – ერთ-ერთი ყველაზე თემატური საჩუქარი გასაღების ორიგინალური საკიდია. საკმაოდ ბიუჯეტური, თუმცა მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელსაც მისი ახალი მფლობელი ყოველდღიურად დაინახავს და სასიამოვნო განცდები დაეუფლება. საკიდზე შეგიძლიათ ამ ადამიანის სახელის ინიციალები, სახლის შეძენის თარიღი ან რაიმე განსაკუთრებული მესიჯი ამოტვიფროთ.
- ოთახის ყვავილი – საკმაოდ ბევრი კულტურის მიხედვით, ითვლება, რომ ყვავილის ჩუქებას შეუძლია წარმატებისა და ბარაქის მოტანა, ვინაიდან და რადგანაც ყვავილი ცოცხალი ორგანიზმია და ისევე როგორც სხვა ცოცხალი არსებები, ისინიც ატარებენ და გამოყოფენ გარკვეულ ენერგიებს. ესეც საკმაოდ ბიუჯეტური და ორიგინალური საჩუქარია.
- წიგნი – ერთ-ერთი ყველაზე კარგი საჩუქარი, სიტუაციისდა მიუხედავად. არჩევანი საკმაოდ დიდია, თუმცა უმჯობესი იქნება თუ თქვენს შორის არსებული საერთო თემის ფარგლებში აირჩევთ, მაგალითად რეცეპტების წიგნი, რომელსაც სამზარეულოს ახალი მფლობელი განსაკუთრებული და გემრიელი კერძების მოსამზადებლად გამოიყენებს.
- სურნელოვანი სანთლები – სახლში სასიამოვნო და მშვიდი ატმოსფეროს შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ამით სახლის ახალ მაცხოვრებელს შეგიძლიათ დაეხმაროთ, უფრო სწრაფად და მარტივად გაუჩნდეს სახლში ყოფნის განცდა, რაც ასეთი რთულია, საცხოვრებლის შეცვლის დროს.
- ფოტოს ჩარჩო – ორიგინალური და მოდური ჩარჩო სახლის ახალ მეპატრონეს ინსპირაციას მიხცემს, საკუთარი ლამაზი მოგონებების კედელი ან კუთხე შექმნას, რაც სახლის ორიგინალურ დიზაინს ჩამოაყალიბებს.