ქართული ელემენტები თანამედროვე ინტერიერის დიზაინში
ჩვენ ძალიან მოგვწონს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ავეჯითა და დეკორაციებით აღჭურვილი სახლები, რომლებსაც დღეს საქართველოს ბაზარზე უხვად შეხვდებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართული ტრადიციული ელემენტები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ერთ, თუნდაც უბრალო და მინიმალისტურ ბინას თბილისის ნებისმიერ უბანში. ასეთი ინტერიერის მქონე სახლში თავს მართლაც ისე იგრძნობთ, როგორც „სახლში“. ამიტომაც, მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა, რათა ტრადიციული და თანამედროვე სტილი ერთმანეთს ჰარმონიულად შეეთავსონ.
- ხალიჩა – ორნამენტებით გაფორმებული ქართული ხალიჩა, რომლის მოძებნაც ძველი ნივთების ბაზრებზე შეგიძლიათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. წარმოიდგინეთ: წითელი ორნამენტებიანი ხალიჩა, ღია ფერის სავარძელთან და მოწითალო ბალიშებთან ერთად როგორ ორიგინალურ ხასიათს უქმნის ოთახს.
- კერამიკა – ქართული კერამიკა არამხოლოდ ორიგინალურობით, არამედ მაღალი ხარისხითაც ცნობილია, რაც მის დროის მიმართ გამძლეობას უზრუნველჰყოფს. ძველი ნივთების ბაზარზე კერამიკის უამრავ დახვეწილ ნამუშევარს შეხვდებით, რომლებიც პატარა წიგნის მაგიდებსა თუ კარადებს დაამშვენებს.
- ძველი სურათები – წინა საუკუნის შავ-თეთრი სურათები სილამაზესა და ესთეტიკურობასთან ერთად, მოგონებების გახსენების არაჩვეულებრივი გზაა. ჩვენი წინაპრების ღიმილიანი თუ სევდიანი სახეები გვახსენებს, როგორი იყო ცხოვრება წინათ, რომ უხაროდათ და სწყინდათ… ჩარჩოში ჩასმული შავ-თეთრი ფოტოები განსაკუთრებით დაამშვენებს მისაღები ოთახის ცარიელ, თეთრ კედელს.
- ძველებური ნივთები – ვინტაჟური ნივთები ყოველთვის აქტუალურია ინტერიერის დიზაინში. თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ერთი ძველი ნივთი მაინც, როგორიცაა სანათი, საკერავი მანქანა, ზარდახშა და ა.შ. ამ ნივთების გამოყენებით არაჩვეულებრივი კონტრასტის შექმნაა შესაძლებელი, თანამედროვებისა და წარსულის კონტრასტის.
- ავეჯი – ძველებური ავეჯი განსაკუთრებულ სილამაზესთან ერთად, უამრავ მოგონებას ინახავს ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებების სახით, რომლებიც სურვილისამებრ, შეგიძლიათ დატოვოთ ან განაახლოთ. დღეს უამრავი სერვისი არსებობს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ძველი ავეჯი, გადაგდების ნაცვლად, საინტერესო დიზაინის შესაქმნელად გამოიყენოთ.