3 გზა, რომ დაემშვიდობოთ სახლს, რომელშიც ცხოვრობდით და გიყვარდათ
ახალ სახლში გადასვლის პროცესი, ხშირად, მტკივნეული და რთულია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგივლიათ ეს გზა. ადამიანები ყოველ ჯერზე აგროვებენ მოგონებებს და ამყარებენ ემოციურ კავშირს ადგილთან სადაც ცხოვრობენ, აღნიშნავენ მნიშვნელოვან დღეებს, საუბრობენ, იცინიან, ტირიან და უბრალოდ, „სახლში“ გრძნობენ თავს. ასე რომ, ადგილთან, რომელსაც „სახლი“ დაარქვით ადვილი არ არის გამომშვიდობება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ცვლილება გარდაუვალი და სრულიად ნორმალური მოვლენაა ცხოვრებაში. ამიტომაც, გთავაზობთ ამ რთული პროცესის გამარტივების რამდენიმე ხერხს.
გაიხსენეთ სახლის თითოეულ კუთხესთან დაკავშირებული საყვარელი მოგონებები: თუ რამდენიმე წუთით გაჩერდებით და მიმოიხედავთ, შეამჩნევთ, რომ თითოეულ ოთახში განსაკუთრებული ატმოსფერო ტრიალებს და გაგახსენდებათ ამბები, რომლებიც ამ ადგილებს უკავშირდება, ეს შეიძლება იყოს: საძინებელი, სადაც ბავშვებს ძილის წინ ესაუბრებოდით, სამზარეულო, რომელიც საკუთარი ხელებით გაარემონტეთ, აივანი, სადაც დილის ყავას სვამდით და დღის დასაწყებად ემზადებოდით და ა.შ. გაუზიარეთ ეს მოგონებები ოჯახის წევრებს და მიეცით საშუალება მათ და საკუთარ თავს, რომ გამოემშვიდობონ მას. შემდეგ, ერთად დატოვეთ ოთახი და დახურეთ კარი, დამშვიდობების სიმბოლოდ.
წაიღეთ სახლის ნაწილი თქვენთან ერთად: როდესაც სახლიდან რაიმე განსაკუთრებული ნივთის წაღებაზეა საუბარი, ექსპერტები გვირჩევენ პატარა მცენარის ან დეკორატიული ხის წაღებას. ასევე, მცენარის თესლიც შესანიშნავი მეტაფორაა ახალ სახლში გადასვლისთვის, როგორც ახალ გარემოში გადარგვისა და გახარების.
გამოსამშვიდობებელი წვეულება: ახალ სახლში გადასვლის აღნიშვნა ბევრს უყვარს, თუმცა ცოტა თუ ფიქრობს, რომ შესაძლებელია ძველ სახლთან გამოსამშვიდობებელი წვეულების მოწყობაც. თანაც, ისეთი სტრესული და დატვირთული პროცესის ფონზე, როგორიც სახლის შეცვლაა, წვეულება შესანიშნავი საშუალებაა როგორც ძალების აღსადგენად, ისე საყვარელ ადგილთან დასამშვიდობებლად. ასევე, არ დაგავიწყდეთ სამახსოვრო ფოტოების გადაღება თქვენს საყვარელ „სახლში“.